აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

"ამ რადიკალურ მემარცხენე პროტესტებს, რომლებიც ორგანიზებულია აგიტატორებისა და ხშირად დაქირავებული არეულობის მომწყობების მიერ, არ მოვითმენთ. ასევე, ამიერიდან, პროტესტებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რას მალავენ ეს ადამიანები და რატომ??? კიდევ ერთხელ მადლობა ეროვნული გვარდიის წევრებს კარგად შესრულებული საქმისთვის!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას ორი ათასი გვარდიელის განთავსების შესახებ, რათა აღმოფხვრას უკანონობა კალიფორნიაში", ვინაიდან შტატში გრძელდება დემონსტრაციები საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების წინააღმდეგ.

პროტესტი 7 ივნისს დაიწყო, როდესაც საიმიგრაციო აღსრულების სამსახურმა ქალაქის მასშტაბით 44 პირი დააკავა, რომლებიც მათი ინფორმაციით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ.