აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ კვირაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდება.

როგორც „აქსიოსი“ წერს, კატარი და რეგიონის სხვა შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ, თუმცა საკვანძო საკითხებზე მხარეთა პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ირანს სურს, ნებისმიერი მოლაპარაკება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ბირთვულ საკითხზე დათმობებზე წასვლას მოითხოვს.

„ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას (მომავალ კვირაში). მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა. ეს ის შეთანხმებაა, რომელსაც, შესაძლოა, ერთი წლის წინ დავთანხმებულიყავით. მათ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანზე დარტყმების განახლებას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე ყოველთვის ფიქრობს. ამასთან, ტრამპის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობის გატანას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, შაბათ-კვირას სრუტის გავლით ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობა, 20 მილიონ ბარელზე მეტი გადაიტანეს.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა, რომ ტრამპის მიერ ირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ირანი კვლავ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მიღწევას ცდილობს.

როგორც მედია წერს, რეგიონის ორმა წყარომ დაადასტურა ტრამპის განცხადება, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება. მათი თქმით, ისინი აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი დიალოგის მორიგ რაუნდს უკვე ორშაბათს ელოდებიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები არსებული უთანხმოებების დაძლევას.

ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს შესთავაზა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ერთი კვირის შემდეგ განახლება, იმ შემთხვევაში, თუ აშშ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ნავთობის გაყიდვებზე დაწესებულ სანქციებს და მთელ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსს“ განუცხადა, სამშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუმარტეს, რომ ირანი სრუტეს არ აკონტროლებს და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების დაყენება არ შეუძლია.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა.