ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია უკრაინას მეტ შეიარაღებას გადასცემს - ამასთანავე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედგაცრუებულია ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიღების დროს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს განაცხადა - მისი თქმით, ძირითადად საუბარია თავდაცვით შეიარაღებაზე. 

ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "დიახ, უკრაინას მეტ შეიარაღებას გადავცემთ, ჩვენ ამის გაკეთება მოგვიწევს, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. მათ ძალიან მძიმედ უტევენ, ძალიან მძიმედ. საუბარია ძირითადად თავდაცვით შეიარაღებაზე, მაგრამ მათ ძალიან მძიმედ უტევენ."

ამავე პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ორჯერ გაიმეორა, რომ "იმედგაცრუებულია" ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით, რადგანაც ამ უკანასკნელს "არ სურს ომის დასრულება."

ამერიკელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.

ჯერჯერობით უცნობია რა შეიარაღებას გულისხმობდა ტრამპი: ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ პაკეტებს, რომელთა მიწოდებაც გასულ კვირას პენტაგონის გადაწყვეტილებით შეჩერდა, თუ შეიარაღების ახალ პაკეტს, რომელთა შეძენის მზაობასაც კიევი უკვე რამდენიმე თვეა გამოთქვამს.