აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
დახურული შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრამ "ძალიან კარგად" ჩაიარა.
"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა... ჩემი აზრით, ის შესანიშნავი იყო" - თქვა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პეტროს წინააღმდეგ შარშან დაწესებული აშშ-ს სანქციების მოხსნაზე მუშაობდა, რომლებიც ნარკოვაჭრობასთან კავშირების ბრალდებებს უკავშირდებოდა.
მოგვიანებით, კოლუმბიის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას, პეტრომ შეხვედრა "ოპტიმისტურად" და "კონსტრუქციულად" შეაფასა, განსაკუთრებით ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
პეტროს თქმით, ლიდერებმა ვენესუელური ბუნებრივი აირის კოლუმბიის გავლით ექსპორტის შესაძლებლობა და რეგიონში ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ინტერესები განიხილეს.




