აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაში. ამრიგად, ტრამპი იქცა აშშ-ის პირველ პრეზიდენტად, რომელსაც ბრალდება დაუმტკიცდა.
მსაჯულები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო დაიწყო აპრილში, მოსამართლე ხუან მერჩანის ხელმძღვანელობით - რომელმაც სასჯელის განსაზღვრის დღედ 11 ივნისი დააწესა. საქმიანი მონაცემების გაყალბებისთვის მაქსიმალური სასჯელი ოთხწლიანი პატიმრობაა, თუმცა მოსამართლემ შესაძლოა გადაწყვიტოს პირობითი სასჯელის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს გაწევის განსაზღვრა.
დამნაშავედ ცნობის მიუხედავად ტრამპს არ ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ან თანამდებობის დაკავება, თუკი ის შეძლებს ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამარცხებას.
განაჩენის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის "ძალიან უდანაშაულო კაცია", და რომ "ჭეშმარიტ ვერდიქტს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს".
ტრამპს ბრალი გასული წლის მარტში წაუყენეს. საუბარია 130 000 დოლარზე, რომელიც ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა გადაუხადა პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობ ქალს, სტორმი დენიელსს დუმილის სანაცვლოდ. სტორმი დენიელსი აცხადებდა, რომ მას ტრამპთან სექსუალური კავშირი ჰქონდა 2006 წელს. ტრამპს ბრალად ედებოდა კოენის მიერ გადახდილი თანხის ფალსიფიცირებული რეგისტრირება იურიდიულ გადასახადად, რათა დამალულიყო ის, რომ თანხა პირის გაჩუმებისთვის გადაიხადეს.