ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეირანს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა და განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებში სავაჭრო თუ სხვა სახის გემებზე თავდასხმის შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობა პირდაპირ ირანს დაეკისრება. პრეზიდენტის განმარტებით, ინციდენტების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაცია უშუალოდ აშშ-ის იურისდიქციაში მყოფი, გაყინული ირანული აქტივებიდან ჩამოიჭრება.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით საერთაშორისო ნავიგაციის თავისუფლების ხელყოფას. ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება გემებს, სრული მოცულობით ანაზღაურდება იმ ირანული სახსრებიდან, რომლებიც ამჟამად აშშ-ის მფლობელობაშია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ან საზღვაო კომპანიების ხარჯზე დავფაროთ ის ზარალი, რომელზედაც პასუხისმგებლობა ირანსა და მის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ეკისრებათ. ეს არის სრულიად მკაფიო გზავნილი — ისინი პასუხს აგებენ თითოეულ ცენტზე. ჩვენ გვაქვს წვდომა ამ მილიარდობით დოლარზე და არ დავაყოვნებთ მის გამოყენებას სრული და დაუყოვნებელი კომპენსაციისთვის", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.




