აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ალასკაში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

როგორც ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასევე აპირებს ნატო-ში დარეკვას.

ამასთან, დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების შეფასებისას აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

„მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა გვქონდა, კარგი შეხვედრები. ჩვენ ხელი შეგვიშალეს რუსული შეთქმულების გაყალბებით, რამაც ეს პროცესი გაართულა, მაგრამ მას ესმოდა, რომ ხედავს რაღაცებს მის კარიერაში. მან იცოდა, რომ ეს სიყალბე იყო. რაც იყო, ეს კრიმინალური იყო და შეთანხმება გაართულა. ჩვენ გვექნება კარგი შანსი, როდესაც ეს დასრულდება. ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ რამეზე შევთანხმდით. ძალიან ცოტა დარჩა შესათანხმებელი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს ამის მისაღწევად, ჯერ არ მივსულვართ იქამდე, თუმცა კარგი შანსებია. ჩვენ შევაჩერებთ ხუთი, ექვსი, შვიდი ათასი ადამიანის მკვლელობას კვირაში და პრეზიდენტ პუტინს სურს ამის ნახვა, ისევე, როგორც მე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ალასკას შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი. ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შესახებ გააკეთეს განცხადებები.