რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო ტელევიზია „როსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება პარასკევს წარდგენილ აშშ-ის ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი შესწორებები, დიდწილად შეესაბამება მოსკოვის ხედვას. რუსეთი იმედოვნებს, რომ ეს გზას გაუხსნის ვაშინგტონთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით შემდგომ ერთობლივ კონსტრუქციულ მუშაობას, - განაცხადა პესკოვმა.  

პარასკევს, თეთრმა სახლმა წარმოადგინა ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია. იგი ასახავს ფუნდამენტურ პრინციპებს, თუ როგორ უნდა აწარმოოს შეერთებულმა შტატებმა საგარეო პოლიტიკა და როგორი უნდა იყოს, შეერთებული შტატების აზრით, გლობალური უსაფრთხოების სისტემა მომდევნო წლებში.

ახალი სტრატეგიის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა შეინარჩუნოს გლობალური წესრიგი მარტო, არამედ უნდა დააკისროს უფრო მეტი პასუხისმგებლობა თავის მოკავშირეებს და აიძულოს ისინი აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს მის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ დაყენებას, მაგრამ ასევე არ „დაღვრის სისხლს და არ დახარჯავს ფულს ყველა მსხვილი და საშუალო ზომის მსოფლიო ძალის გავლენის შესაზღუდად“.  

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგის დოკუმენტის  რიტორიკა მკაცრია ევროპის მიმართ, რომელიც, როგორც აღნიშნულია, პარალიზებულია ზედმეტი რეგულაციებით და „ცივილიზაციური განადგურების“ წინაშე დგას, თუ კონტინენტი მიმართულებას არ შეცვლის.