რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, 16 ივნისის დილას მოსკოვის მიმართულებით დრონებით შეტევა განხორციელდა, რა დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორი საათის განმავლობაში 37 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, "ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების სპეციალისტები".
ამასთან, რუსული მხარე ტრადიციულად არ ასაჯაროებს რამდენი დრონი ვერ გაანეიტრალეს.
Telegram არხ Astra-ის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრებლები აფიქსირებდნენ საჰაერო თავდაცვის მუშაობას მოსკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პავლოვსკი პოსადში, რამენსკში და ჟუკოვსკიში.
რუსული უწყების "როსავიაციის" განცხადებით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის მთავარ აეროპორტებში: დომოდედოვოში, შერემეტიევოში, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკიში (რამენსკოე).
შეზღუდვების მიზეზად სახელდება საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო ღამით დრონები ჩამოაგდეს როგორც რუსეთის რეგიონებში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.








