ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალური შეხვედრა გამართეს. მათი განცხადების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ წევრები მზად არიან, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა მიიღონ.

„ჩვენ, G7-ის ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, უზრუნველვყოთ კარგად ფუნქციონირებადი, სტაბილური და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრები. ჩვენ მხარს ვუჭერთ შესაბამის ძალისხმევას გლობალურ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე ადეკვატური მიწოდების შესანარჩუნებლად. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ ნახშირწყალბადებსა და მათთან დაკავშირებულ პროდუქტებზე გაუმართლებელი ექსპორტის შეზღუდვების დაწესებისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უსაფრთხო და შეუფერხებელი სავაჭრო ნაკადების მნიშვნელობას, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოებას და კრიტიკული საზღვაო მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვას, როგორც აუცილებელ ფაქტორს გლობალური ეკონომიკური სტაბილურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების თქმით, მზად არიან, პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია გააგრძელონ ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

„ჩვენ, G7-ის ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები, მოვუწოდებთ სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკის ჯგუფს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD), გააღრმაონ ენერგეტიკულ ბაზრებზე განვითარებული მოვლენების ეკონომიკური გავლენის შეფასება. ჩვენ გავაგრძელებთ ინფორმაციის გაცვლას და მჭიდრო კოორდინაციას G7-ის ფარგლებში და საერთაშორისო პარტნიორებთან და მზად ვართ შევხვდეთ საჭიროებისამებრ შემდგომ მოვლენებზე რეაგირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.