ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად დაამტკიცეს გაერთიანებული სამეფოს ჩართულობა უკრაინის მხარდამჭერი სესხის პროგრამაში. 90 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური მექანიზმი უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და ეკონომიკური საჭიროებების დასაფარად 2026 და 2027 წლებზეა გათვლილი.
პროგრამის ფარგლებში თანხა ორ მთავარ მიმართულებად ნაწილდება:
60 მილიარდი ევრო მიმართული იქნება უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერებისა და შეიარაღების შესყიდვისკენ.
30 მილიარდი ევრო კი ქვეყანას პირდაპირი მაკროფინანსური და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით გადაეცემა.
ლონდონის პროგრამაში ჩართვა კიევს აძლევს შესაძლებლობას, სესხის ფარგლებში მიღებული დაფინანსება უშუალოდ ბრიტანული სამხედრო ინდუსტრიის მიერ წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი თავდაცვითი პროდუქციის შესასყიდად გამოიყენოს. აქამდე უკრაინას მსგავსი უფლება მხოლოდ ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონისა (EEA) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA), ასევე სხვა წინასწარ დამტკიცებული მესამე ქვეყნების მიმართულებით ჰქონდა.
"გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერ სესხში უკრაინას საშუალებას მისცემს, თავდაცვითი პროდუქცია ბრიტანელი მწარმოებლებისგანაც შეიძინოს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის საკუთარი მოქალაქეების დასაცავად აუცილებელ შესაძლებლობებს. დღევანდელი გადაწყვეტილება ასახავს ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთო ერთგულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება რუსეთის უკანონო აგრესიის დასასრულებლად", — აღნიშნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ (ირლანდია ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა).
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 13 ივლისს ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფინანსური წვლილის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ დაეხმარება უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბრიტანული თავდაცვითი კომპანიების განვითარებასა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.




