სერბეთში კვირას, 25 ოქტომბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 6,4 მილიონ ამომრჩეველს ეროვნული ასამბლეის (სახალხო სკუპშჩინის) 250 დეპუტატის არჩევის უფლება აქვს. გამოკითხვები ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველ "სერბეთის პროგრესულ პარტიასა" და ახალი სტუდენტური მოძრაობის მიერ წარდგენილ საარჩევნო სიას — "სტუდენტები იმარჯვებენ" შორის მინიმალური სხვაობით ბრძოლას პროგნოზირებს.

კენჭისყრის შედეგები გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა ვუჩიჩი ძალაუფლების შენარჩუნებას. 56 წლის პოლიტიკოსი სხვადასხვა თანამდებობიდან ქვეყნის კურსს 2012 წლიდან განსაზღვრავს. კრიტიკოსები მას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებში ადანაშაულებენ.

სექტემბრის ბოლოს ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რათა თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობას ჩაუდგეს სათავეში.

არჩევნები დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს ამომრჩეველთა დაშინებისა და ხელისუფლების ოპონენტებზე ზეწოლის შესახებ ბრალდებების ფონზე. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრის ნაწილობრივი შედეგები კვირას, გვიან საღამოს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩის მეორე საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის მაისში იწურებოდა. მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობის უფლება მას აღარ ჰქონდა. მოძრაობა, რომელიც ახლა მისი ოპონენტია, 2024 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე წარმოიშვა. ტრაგედიას მაშინ 16 ადამიანი ემსხვერპლა, რაც კრიტიკოსებმა ვუჩიჩის მთავრობის კორუფციასა და დაუდევრობას დაუკავშირეს.