ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, კვლავ უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული რუსეთის მხრიდან ასეთი სენსიტიური საქონლის ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის. - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ოფიციალურ წერილში ნათქვამი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საქხელზეა გამოაგზავნილი.
ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო, ვკითხულობთ, რომ ყულევის ტერმინალი სანქციების პროექტებიდან ამოღებულია
სალივანი მადლობას უხდის მაკა ბოჭორიშვილს 2026 წლის 18 თებერვალს გაგზავნილი წერილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი დოკუმენტისთვის, რომელიც ეხება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს, რომელსაც მალე მიიღებენ.
"დღეის მდგომარეობით, ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა 605 გემი, კერძოდ კი ის ტანკერები, რომლებიც ჩართულნი არიან მაღალი რისკის შემცველ და ფარულ გადაზიდვებში. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ გემების წინააღმდეგ მოქმედებას, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების ეფექტურობას; მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში დამატებით 40-მდე გემს შევიყვანთ.
გემების წინააღმდეგ სანქციები წესდება საბჭოს რეგულაციის შესაბამისად, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ ეს ტანკერები ჩართულნი იყვნენ მაღალი რისკის მქონე გადაზიდვებში." - ვკითხულობთ წერილში.
დოკუმენტში წერია ასევე, რომ ევროკავშირი მუშაობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანაზე და რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვაზე.
"ამ მიზეზით, ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას იმ ხელშემწყობ პირებსა თუ ობიექტებზე (მაგალითად, რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე ინფრასტრუქტურაზე), რომლებიც მხარს უჭერენ ამ საქმიანობას და სანქციების გვერდის ავლის გზით საფრთხეს უქმნიან მათ ეფექტურობას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში მდებარე ყულევის პორტი თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შესაყვანად, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მიერ პორტში შესვლის გამო.
ეს თავდაპირველი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მე მივესალმები თქვენს მზაობას, რომ საქართველო თავის პორტებში არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ გემებს და მათ არ გაუწევს მომსახურებას. ასევე მივესალმები SOCAR-ის ვალდებულებას, რომ იგი თავის საქმიანობას წარმართავს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის „ფასების ზედა ზღვრის“ და რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის აკრძალვის გათვალისწინებით.
ამ ვალდებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სიტუაციის გადახედვისთვის, რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა ყულევის პორტის ამოღება სანქციების მე-20 პაკეტში.
ვიმედოვნებ, რომ ოპერაციულ დონეზე ინფორმაციის გაცვლა გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას და მომავალშიც ასე გააგრძელებს.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, კვლავ უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული რუსეთის მხრიდან ასეთი სენსიტიური საქონლის ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის. ევროკავშირს გააჩნია ინსტრუმენტები, რათა სიაში შეიყვანოს მესამე ქვეყნების ის ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს (როგორიცაა SPFS, SBP და MiR), ან ზოგადად ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს სანქციებს ან მხარს უჭერენ რუსეთის საომარ მოქმედებებს. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გაფრთხილებთ, რომ როგორც კი მოხდება ასეთი ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირება, მათზე შესაძლოა გავრცელდეს ევროკავშირში ტრანზაქციების აკრძალვა. თქვენი დაპირება, რომ აღკვეთთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალშიც მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სანქციები არ სუსტდება.
ვთავაზობ, რომ ჩვენმა ტექნიკურმა ექსპერტებმა, რომლებიც მუშაობენ რუსეთის სანქციებზე, მოაწყონ ვიდეოკონფერენცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე აზრთა გასაზიარებლად. მადლობას გიხდით გაწეული ძალისხმევისთვის და ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას." - ვკითხულობთ წერილში.









