ოლბორგის ზოოპარკის დირექციამ მოუწოდა ქათმების, კურდღლებისა და ზღვის გოჭების პატრონებს, რომ თავიანთი შინაური ცხოველები შესწირონ მტაცებლებს, მათ შორის ევროპულ ფოცხვერს, რათა მათ ისინი მთლიანად მიირთვან.
ზოოპარკის დირექციის თქმით, ფოცხვრებს და სხვა მტაცებლებს საკვების პრობლემა არ აქვთ, მაგრამ მათ სჭირდებათ მსხვერპლი მთლიანად, ისევე როგორც ველურ ბუნებაში.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ცხოველთა ბუნებრივი ინსტინქტების შენარჩუნებასა და კეთილდღეობაზე, ამისთვის კი საჭიროა ცხოველთა ბუნებრივ კვებითი ჯაჭვის დაცვა. თუ თქვენ გყავთ ჯანმრთელი ცხოველი, რომლის შენახვაც აღარ შეგიძლიათ, გთხოვთ გადასცეთ ზოოპარკს. სპეციალისტები მას ფრთხილად მოკლავენ და ის მტაცებლების საკვები კალათის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა, - წერს ზოოპარკის დირექცია და უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მკითხველს ზოოპარკის ვებგვერდზე იწვევს.
ზოოპარკის დირექციის, ასევე დანიური მედიის მიერ მითითებულ ბმულზე განთავსებულია მოწოდება, შესწირონ ზოოპარკს როგორც ქათმები, ზღვის გოჭები და კურდღლები, ასევე ცხენები, რომელთა მოვლაც მათ უკვე აღარ სურთ.
საჩუქრად გადმოცემული ცხენის სიმაღლე ნიდაოში 147 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს; ცხენი უნდა იყოს ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში და არ უნდა იყოს ნამკურნალები რაიმე დაავადების გამო ბოლო 30 დღის განმავლობაში; ცხენს გადაიყვანენ ოლბორგის ზოოპარკში, სადაც მას ზოოპარკის ზედამხედველი და ვეტერინარი ევთანაზიას ჩაუტარებენ; ცხენის მფლობელს არანაირი თანხა არ გადაეცემა, მაგრამ მას უფლება აქვს მოითხოვოს ჩაბარებული ცხენის ღირებულების გაანგარიშება - ყოველ კილოგრამზე 5 დანიური კრონი - და შემდეგ ეს თანხა გამოქვითოს საგადასახადო დეკლარაციიდან, - ნათქვამია ზოოპარკის დირექციის განცხადებაში.