აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს განაცხადა, რომ ის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ CNN იუწყება.
როგორც Politico წერს, რუბიომ ელ სალვადორში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი "USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად" წარადგინა. მან ასევე განაცხადა, რომ სააგენტო მოქმედებდა უპასუხისმგებლოდ და რომ მისი საქმიანობა არ შედიოდა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უწყების მთლიანად გაუქმებაზე საუბარი არ არის. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ სააგენტოს ყოველდღიური კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობის პირს გადაეცა.
USAID-ის შტაბ-ბინა ვაშინგტონში ორშაბათს დაიხურა. მისმა თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს მითითება, რომ სახლში დარჩენილიყვნენ.
CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ USAID-ს "რამდენიმე რადიკალი გიჟი მართავს, რომელთაც თავიდან მოიშორებენ".
25 იანვარს გამოცხადდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 90 დღით შეაჩერა საგარეო დახმარების თითქმის ყველა ხარჯი. 85 დღეში რუბიო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგენს ანგარიშს, სადაც ის მიუთითებს, რომელი პროგრამები უნდა განახლდეს და რომელი არა.