ევროპაში დისლოცირებული რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს და მათი დაცვის დონე გაზარდეს, – იუწყება CNN ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროთა ცნობით, დაცვა გააძლიერეს დონემდე „ჩარლი“, რომელსაც რაიმე ინციდენტის ან შესაძლო ტერაქტსა და თავდასხმასთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების მიღების შემთხვევაში იყენებენ.

რესპონდენტმა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე იმყოფება, CNN-ს უთხრა, რომ მსგავსი ზომები, სულ მცირე, 10 წელია აღარ მიუღიათ.

როგორც გამოცემა იტყობინება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა დენ დეიმ კონკრეტული ზომების კომენტირებაზე უარი თქვა და ტელეკომპანიას ზოგადად მხოლოდ ის განუცხადა, რომ მუდმივად აფასებენ სხვადასხვა ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოებაზე და ხშირად იღებენ დამატებით ზომებს.

CNN–ის ინფორმაციით, დაუდგენელია, რა შინაარსის სადაზვერვო მონაცემებმა გამოიწვია ამერიკულ ბაზებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. მისი ცნობით, ევროპაში პოტენციურ ტერორისტულ საფრთხეებს განსაკუთრებით უკავშირებენ გერმანიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს და ზაფხულის ოლიმპიადას, რომელსაც ივლისში უმასპინძლებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი. გერმანიის და საფრანგეთის მთავრობებმა უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართეს.