ისრაელმა ირანში ქალაქ ისპაჰანთან მდებარე საჰაერო თავდაცვის ბაზაზე იერიში მიიტანა. იერიში ჯერჯერობით ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებიათ.

ინფორმაცია ისპაჰანში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა. როგორც ცნობილია ისპაჰანში 19 აპრილის ღამეს აფეთქების ხმა გაისმა და საჰაერო თავდაცვის სირენები გააქტიურდა. 

ანონიმური ებრაული და ამერიკული წყაროები ადასტურებენ, რომ თავდასხმა ირანულ ბაზაზე სწორედ ისრაელმა განახორციელა. არაა ცნობილი, თუ რა ზიანი მიადგა სამხედრო ბაზას და არიან თუ არა დაშავებულები. როგორც ცნობილია, ისრაელმა ბაზაზე იერიში დრონების გამოყენებით მიიტანა.

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ისპაჰანში მდებარე ბირთვული ენერგიის ცენტრები არ დაზიანებულა. ირანის ამ ნაწილში კომერციული ფრენები შეჩერებულია. ინფორმაცია ისრაელის მიერ ირანის ბაზებზე თავდასხმის შესახებ CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. CNN-ის ცნობით, იერიშის სამიზნე ისპაჰანის ბირთვული ინფრასტრუქტურა არ ყოფილა.