დასავლური და აზიური მედიასაშუალებების ანალიტიკური მონაცემებით, საერთაშორისო სანქციების ფონზე, ჩრდილოეთ კორეაში ეკონომიკური აქტივობის გარკვეული ზრდა შეინიშნება. ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, შიდა ინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიის განვითარება რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობის ხარჯზე დაიწყო.
ექსპერტების შეფასებით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა ურთიერთობებმა ჩრდილოეთ კორეას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმული მისცა.
დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის საბრძოლო მასალისა და შეიარაღების მიწოდების სანაცვლოდ, ფხენიანმა მიიღო ენერგორესურსები (ნავთობი და გაზი), ასევე ფინანსური რესურსები და ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რამაც ქვეყნის მძიმე მრეწველობა გამოაცოცხლა.
კიმ ჩენ ინის ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს ახალი საცხოვრებელი კომპლექსებისა და საწარმოების მშენებლობას, რასაც შიდა პროპაგანდა "სახელმწიფო აღმავლობისა და სოციალისტური ეკონომიკის გამარჯვების" ნათელ მაგალითად წარმოაჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს, ეს გეოპოლიტიკური ალიანსი ფხენიანისთვის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევისა და ეკონომიკური რესურსების მობილიზების მთავარ საშუალებად იქცა.




