ჩრდილოეთ კორეამ კვირას, 20 სექტემბერს, სულ რაღაც სამსაათიანი ინტერვალით, თავისი აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე ზღვაში მცირე რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტების (SRBM) ორი გაშვება განახორციელა და მორიგი სარაკეტო გამოცდები ჩაატარა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მონაცემებით, პირველი რაკეტა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:00 საათზე, ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსანის რაიონიდან გაუშვეს და მან იაპონიის ზღვის მიმართულებით დაახლოებით 450 კილომეტრი იფრინა.
მეორე გაშვება დაახლოებით 17:50 საათზე დაფიქსირდა და რაკეტამ 600 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარა. "სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ხელისუფლება დეტალურ ანალიზს ატარებს მისი ზუსტი ტექნიკური მახასიათებლების დასადგენად", — ნათქვამია სამხრეთ კორეელი სამხედროების განცხადებაში. ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, იაპონიამ ჩრდილოეთ კორეას გაშვებებთან დაკავშირებით "მტკიცე პროტესტი" გამოუცხადა.
გაშვებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სტატუსი და უარყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუცია, რომელიც მისი ბირთვული საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს, აღნიშნავს სააგენტო AFP. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჩონმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის, როგორც ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი "აბსოლუტურია" და "იდიოტები" უწოდა მათ, ვინც მის განიარაღებაზე ამყარებს იმედებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას 57 "ძალიან ძლიერი" ბირთვული ქობინი აქვს, მაშინ როცა სეული მათ რაოდენობას 80-დან 120-მდე აფასებს.




