ივნისში არჩეულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმა თეთრ სახლში ვიზიტის დროს ტრამპს ორ კორეას შორის მშვიდობის დამყარებაში დახმარება სთხოვა და თქვა, რომ ტრამპის პირველი ვადის დროს სიტუაცია უფრო სტაბილური იყო

„ვფიქრობ, თქვენ პირველი პრეზიდენტი ხართ, რომელმაც ასეთი ინტერესი გამოხატა მსოფლიო მშვიდობის საკითხების მიმართ და რეალურად მიაღწია პროგრესს“, - თქვა ლიმ. „ამიტომ, იმედი მაქვს, რომ თქვენ მშვიდობას მოიტანთ კორეის ნახევარკუნძულზე... და შეხვდებით კიმ ჩენ ინს“.

მის თქმით,  ის „აქტიურად დაუჭერდა მხარს“ ტრამპს, თუ მას „მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება“ სურდა.

 აშშ-ის პრეზიდენტი  არის  „ერთადერთი ადამიანი, ვისაც ნამდვილად შეუძლია“ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობის მოგვარება. 1953 წელს კორეის ომის დაზავებით და არა  სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულების შემდეგ ქვეყნები ტექნიკურად კვლავ ომის მდგომარეობაში არიან. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით,  ჩრდილოეთ კორეას ახლა შეუძლია წელიწადში 10-დან 20-მდე ბირთვული იარაღის წარმოება. 

სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეას  ამჟამად დაახლოებით 50 ქობინი და კიდევ 40-ის ასაწყობად  საკმარისი მასალა აქვს . 

 შაბათს, ტრამპ-ლის შეხვედრამდე  სულ რაღაც ორი დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეამ ორი ახალი საზენიტო რაკეტა გამოცადა. ვარაუდობენ, რომ  კიმ ჩენ ინი - და შესაძლოა მისი არსენალი - ახლა მნიშვნელოვნად ძლიერდება ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის და შედეგად, მოსკოვთან კავშირების გაღრმავების გამო.

ტრამპმა, რომლის სამშვიდობო ძალისხმევა და მოლაპარაკებები როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კორეასთან მისი პირველი ვადის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო,  განაცხადა, რომ იგი მზადაა კიმთან მოლაპარაკებისთვის. 

მას ჩემთან შეხვედრა სურს, „მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას და გავაუმჯობესებთ ურთიერთობას. თქვენ ხელს უწყობთ ამის მიღწევას“, - განაცხადა ტრამპმა.

ამერიკული მედიის თქმით, ძნელი სათქმელია, შედგება თუ არა ასეთი შეხვედრა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები არის კორეის ნახევარკუნძული ოკუპაციის შესახებ ვაშინგტონის განზრახვის დემონსტრირება  

გასული წლიდან მოყოლებული კიმმა და მისმა გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩჟონმა, გააძლიერეს რიტორიკა და პირობა დადეს, რომ შეინარჩუნებდნენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ არსენალს და გაანადგურებდნენ სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღით, თუ ფხენიანს თავს დაესხმებოდნენ.