ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ფრანგი ჩან თაო ფუმი, რომელსაც 2010 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ჩინეთში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ქვეყნის სამხრეთში მდებარე გუანდუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუში სიკვდილით დასაჯეს, - განაცხადა შაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გამოხატა თავისი „აღშფოთება“.
ლაოსში დაბადებული 62 წლის ფრანგი სიკვდილით დასაჯეს „საფრანგეთის ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, მათ შორის ჩვენი თანამემამულის ინტერესებიდან გამომდინარე ჰუმანიტარული შეწყალების მიღების მცდელობის მიუხედავად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, სადაც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული საფრანგეთის პოზიცია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ „ყველგან და ნებისმიერ ვითარებაში“ და მისი „უნივერსალური გაუქმებისკენ“ მოწოდება.
„განსაკუთრებით ვწუხვართ, რომ ბატონი ჩანის დაცვას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა, რაც დაინტერესებული მხარის უფლებების დარღვევას წარმოადგენს“, - დასძინა სამინისტრომ.
თავდაპირველად, 2005 წელს დაპატიმრებულ ჩან თაო ფუმის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ „ახალი მტკიცებულებების“ გამოვლენის შემდეგ, კანტონურმა სასამართლომ ხელახლა გაასამართლა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მეტამფეტამინის წარმოების, ტრანსპორტირების, კონტრაბანდისა და გავრცელებისთვის.
მას ბრალი წაუყენეს იმ ქსელში მონაწილეობაში, რომელიც, სავარაუდოდ, 1999 წლიდან 2003 წლამდე ჩინეთში ტონობით სინთეტიკური ნარკოტიკს აწარმოებდა.




