ჩეხეთმა, შესაძლოა, განიხილოს უკრაინისთვის მსუბუქი ჩეხური გამანადგურებლების, L-159-ების გადაცემა. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ვარიანტს "მიზანშეწონილად" მიიჩნევს.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას საჰაერო ძალები ომის გადამწყვეტი ეტაპისთვის მოსამზადებლად სჭირდება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ჯერჯერობით თავს იკავებენ თანამედროვე გამანადგურებლების მიწოდებისგან, რადგან მათი გამოყენებისთვის მომზადებას შედარებით დიდი დრო სჭირდება და ასევე იმიტომ, რომ ასეთი თვითმფრინავები საიდუმლო სისტემებს შეიცავს.
მისი განცხადებით, მოკავშირე ქვეყნებს არ სურთ, რომ ეს ტექნოლოგიები რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.
"მაგრამ მე ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მოდი, გაგაკვირვებთ, რომ საბოლოოდ უკრაინამ შესაძლოა რამდენიმე F-16 მიიღოს, ამ აღჭურვილობის ნაწილის დემონტაჟით", - თქვა მან.
Aero L-159 ALCA - ჩეხური სასწავლო და საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავია.