ასეთი განცხადება ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სპიკერმა, ტომიო ოკამურამ, საპარლამენტო ჯგუფში სამ საათზე მეტხნიანი განხილვის შემდეგ გააკეთა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის სპიკერმა და პოლიტიკური მოძრაობა SPD-ის („თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“)თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ, საპარლამენტო ჯგუფში სამ საათზე მეტხნიანი განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა, იარომირ ზუნამ, არ მიიღო უკრაინელი კოლეგის მიწვევა და არ გაემგზავრება უკრაინაში. მისი თქმით, სამინისტრომ ასევე უნდა წარადგინოს დოკუმენტები „საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივაში“ მონაწილეობის შესაწყვეტად.   

გამოცემა novinky-ის  კითხვას, რატომ არ წავა თავდაცვის მინისტრი უკრაინაში, ოკამურამ უპასუხა, რომ კოალიციურ პარტიებს შორის შეთანხმების თანახმად, საგარეო პოლიტიკაზე  პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიშია პასუხისმგებელი (იარომირ ზუნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“  წარმოადგენს - „აიპრესი“)

ოკამურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნებისმიერი მხარდაჭერა მშვიდობას უნდა იწვევდეს. მან ასევე გაიმეორა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ პოზიცია, რომ ის უარყოფს უკრაინისთვის ჩეხეთის ბიუჯეტით დაფინანსებული იარაღის შეძენას.

თავდაცვის სამინისტრომ უნდა წარადგინოს დოკუმენტები, რათა გააუქმოს მონაწილეობა უკრაინისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად „საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივაში“, - თქვა მან. 

ოკამურამ ასევე უარყო იარომირ ზუნას გასულ კვირას დიდი კმაყოფილებით გაკეთებული განცხადება F 35-ების შეძენასთან დაკავშირებით. „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატისთვის“ ეს შესყიდვა შეუსაბამო  და ძალიან ძვირია“, - თქვა ოკამურამ და დასძინა, რომ თავდაცვის სამინისტრო განიხილავს კონტრაქტის შეწყვეტის საკითხს.

ორშაბათს დილით, ANO-ს, SPD-ს და Motoristé sobě-ს („ავტომობილისტები თავიანთთვის“) კოალიციურმა საბჭომ ასევე განიხილა ზუნას გასული კვირის განცხადებები, რომლებშიც მან მხარი დაუჭირა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში. გადაწყდა, რომ ამიერიდან ზუნა ისაუბრებს არმიასა და მის უსაფრთხოებაზე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში (ANO) გაავრცელებს მთავრობის პოზიციას საგარეო საკითხებზე, მათ შორის უკრაინაზე.

საბრძოლო მასალების საკითხთან დაკავშირებით ინიციატივას სახელმწიფო უშიშროების საბჭო 7 იანვარს განიხილავს.