ბრიტანეთის სასამართლომ ირანული წარმოშობის ტელეწამყვანის, „ირან ინტერნეშენალის“ ჟურნალისტის, პურია ზერაათის დაჭრის საქმეზე დაკავებული რუმინეთის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
მედიის ცნობით, 21 წლის ნანდიტო ბადეა და 25 წლის ჯორჯ სტანა დამნაშავეებად ცნეს განზრახ მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბადეას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სტანას კი 12 წლით.
როგორც პროკურორები აცხადებენ, თავდამსხმელები ირანის მთავრობის დავალებით მოქმედებდნენ და მათი მიზანი „ირან ინტერნეშენალის“ ჟურნალისტის ლიკვიდაცია იყო. პროკურორების ცნობითვე, ამისთვის პურია ზერაათს ერთი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
ცნობისთვის, „ირან ინტერნეშენალის“ ჟურნალისტ პურია ზერაათზე თავდასხმა 2024 წლის 29 მარტს სამხრეთ ლონდონში, უიმბლდონში მოხდა. მას საკუთარ სახლთან ორი პირი დაესხა თავს. ჟურნალისტი ფეხის არეში დაჭრეს.











