დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხრეთში, რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტზე დარტყმის შედეგად რუსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი დაიღუპა. ბრიტანეთის დაზვერვა რუსი გენერლის სიკვდილის შესახებ იყენებს ტერმინს almost certainly, რაც მისი შეფასების სისტემით ნიშნავს 95-100%-ით დადასტურებას.

სერგეი გორიაჩევი 35-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბის უფროსი იყო და პირველი რუსი გენერალია, რომლის სიკვდილიც 2023 წელს დადასტურდა.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ 2022 წლის მარტში, რუსეთის ამ საერთო-საჯარისო არმიის სამხედროები იმყოფებოდნენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის დროს, 2022 წლის ივნისში კი, ფორმირება მნიშვნელოვნად განადგურდა ქალაქ იზიუმთან ბრძოლისას.