Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალი თვეების განმავლობაში უკრაინაზე თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას გეგმავს. ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, მოსკოვსა და კიევს შორის სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები 2027 წლამდე ნაკლებად სავარაუდოა.
წყაროებზე დაყრდნობით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის ძირითად სამიზნეს კვლავ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა — ენერგეტიკული და სანავთობო სისტემები წარმოადგენს, რათა მოსახლეობის ყოფა მაქსიმალურად დამძიმდეს.
დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლების ბოლოდროინდელმა ვიზიტებმა და დიპლომატიურმა მცდელობებმა პოზიციების დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მოიტანა. კრემლი თვლის, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელებით მომავალი გაზაფხულისთვის უფრო ძლიერ პოზიციას დაიკავებს.
გარდა სამხედრო ესკალაციისა, მოსკოვი გეგმავს ჰიბრიდული ოპერაციებისა და პოლიტიკური ჩარევების გააქტიურებას ევროპის ქვეყნებში, რათა უკრაინის მხარდაჭერა შეასუსტოს.
საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, უკრაინის მოკავშირეები კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების პრიორიტეტულობაზე საუბრობენ, რათა ქვეყანამ რთული ზამთრის გადატანა შეძლოს.




