NATO-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გეგმავენ, ვაშინგტონს კონკრეტული ინიციატივები წარუდგინონ, რომლებიც რეგიონში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციას და შემცირებას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეები ცდილობენ, ამ გზით დაარწმუნონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, არ შეამციროს და არ გაიყვანოს ამერიკული ჯარები რეგიონიდან.
აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები (მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ათასობით და ასეულობით ადამიანს ითვლის) მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ ადგილზე დისლოცირებული აშშ-ის ძალების ინფრასტრუქტურული და საოპერაციო ხარჯების დიდი ნაწილი.
ნაბიჯი განპირობებულია რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების ფონზე რეგიონში სანდო შემაკავებელი ძალის შენარჩუნების კრიტიკული აუცილებლობით.
საკითხი ოფიციალურად განიხილება 27 აგვისტოს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც ალიანსის წარმომადგენლები აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ელბრიჯ კოლბს შეხვდებიან.
ვაშინგტონმა ევროპაში სამხედრო ყოფნის აუდიტი წამოიწყო და მოკავშირეებს სპეციალური კითხვარებიც დაუგზავნა (პასუხების ბოლო ვადა აგვისტოს ბოლოა), რათა შეაფასოს თითოეული ქვეყნის მზაობა და მხარდაჭერა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ.




