შეერთებული შტატები და მისი ევროპელი პარტნიორები უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს სწავლობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
"ჩემი აზრით, თუ რამეს დააზიანებ, უნდა გადაიხადო. და თუ რუსებმა დააზიანეს, უნდა გადაიხადონ. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა ამ აქტივების მეშვეობითაა შესაძლებელი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. როგორც აღვნიშნე, რადგან ამ აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს“.
მისი თქმით, საუბარია 300 მილიარდ დოლარზე.
ბლინკენის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს დაუსჯელად დატოვებენ, ეს იქნება სიგნალი ქვეყნებისთვის, რომლებიც აპირებენ აგრესიას, რადგან დარწმუნდებიან, რომ მათ ამისი უფლება აქვთ. ”ეს გახსნის კონფლიქტების პანდორას ყუთს. ეს კარგს არაფერს მოიტანს ამ სამყაროში, კონფლიქტებისა და აგრესიის სამყაროში,"- აღნიშნა ბლინკენმა.