აშშ გააგრძელებს სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ის სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

„შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს. სომხეთი დაადგა თავისუფლებისკენ მიმავალ გზას, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ ხართ დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის გაძლიერების ერთგულები.

ეს ღირებულებები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვამაყობთ სომხეთთან თანამშრომლობით ამ საკითხებში. გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას. აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მუშაობას სამხრეთ კავკასიაში ისეთი მყარი და ღირსეული მშვიდობის დამყარებაზე, სადაც ყველას უფლებები იქნება დაცული“, - წერს ენტონი ბლინკენი.