მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ თავის კლიენტებს აუნაზღაურა იმ თანხების 90%, რომლებიც პლატფორმაზე ბოლოდროინდელი ჰაკერული თავდასხმის დროს მოიპარეს.
კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, რომ Binance-მა შეძლო, სრულად აენაზღაურებინა დანაკარგები აქტივებზე BTC, ETH, USDT, BNB, SOL, USDC, XRP, USD1, RLUSD და ZEC ტოკენებში. დარჩენილი 10% არის ტოკენები, რომლებიც არ შედიან უმსხვილეს ათეულში. რადგან ასეთი ტოკენების ლიკვიდურობა დაბალია, კომპენსაციისთვის მათი საჭირო მოცულობით შესყიდვა მეტ დროს მოითხოვს, - განაცხადა პლატფორმამ.
მთლიანობაში, დანაკარგების ასანაზღაურებლად Binance-მა 6,3 მილიარდი დოლარი გამოყო.
ბოროტმოქმედებმა Binance-ზე ჰაკერული თავდასხმა პარასკევს, 30 ოქტომბერს განახორციელეს. ანალიტიკოსების შეფასებით, გატეხა ისტორიაში კრიპტოვალუტის ყველაზე მასშტაბური ქურდობა გახდა. Binance-ზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა განახორციელეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ანალიტიკური კომპანიების Elliptic, Chainalysis და TRM Labs-ის მკვლევრები.
შიდა გამოძიების წინასწარი შედეგების მიხედვით, კრიპტოვალუტის ქურდობა ერთ-ერთი ინჟინრის ლეპტოპის გატეხას დაუკავშირეს, რომელიც Binance-ის IT-ინფრასტრუქტურის მუშაობასა და მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბოროტმოქმედებმა სამსახურებრივ კონტეინერზე წვდომის მოპოვება და თანხის გატანაზე ტრანზაქციების ნებართვის გარეშე გაგზავნა შეძლეს. თუმცა მოგვიანებით კომპანიაში დასძინეს, რომ თავდასხმის მასშტაბი გაცილებით ფართო აღმოჩნდა.
Binance-ის გატეხის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ კრიპტოვალუტების კურსი დაეცა. ბიტკოინი 4%-ზე მეტით გაიაფდა. კრიპტობირჟა Binance ჩინეთში 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს ციფრული აქტივებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს.
სხვადასხვა შეფასებით, კრიპტობირჟაზე მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. 2024 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ მის მართვაში 160 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები იმყოფება.




