ბილ კლინტონის მხატვრულ რომანზე "დაკარგული პრეზიდენტი" სერიალს გადაიღებენ. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სამომავლო გეგმების შესახებ ტელეარხ Showtime-ის ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მაისში ცნობილი გახდა, რომ ბილ კლინტონი პოლიტიკური ტრილერის დაწერას გეგმავდა. მისი თანაავტორი მწერალი ჯეიმს პატერსონია. ნამუშევარი ამერიკის შეერთებული შტატების გამოგონილ პრეზიდენტს ეძღვნება, რომელიც მოულოდნელად თეთრი სახლიდან გაუჩინარდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, წიგნი 2018 წლის ივნისში გამოიცემა. სერიალის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თავად კლინტონმა უკვე განაცხადა, რომ წიგნის მიხედვით სერიალის გადაღებას მოუთმენლად ელის.

ბილ კლინტონი აშშ-ის 42-ე პრეზიდენტია (1993-2001) დემოკრატიული პარტიიდან. იგი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა. მისი მეუღლეა, ჰილარი კლინტონი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი.

კლინტონმა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯი და იელის სამართლის სკოლა დაამთავრა. იგი 12 წელი მსახურობდა როგორც არკანზასის 40-ე და 42-ე გუბერნატორი. 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაამარცხა.