გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა პოტენციური წევრებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"გაწევრიანების პერსპექტივა პოტენციური წევრებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიაა. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ გაფართოება არის გეოპოლიტიკური საკითხი და ევროპაში მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის ბუნდოვანი სივრცეები არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა ბერბოკმა.

13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში მართავენ შეხვედრას თავიანთ კოლეგებთან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რათა განიხილონ საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის რეგიონის ქვეყნების პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას (უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს) აქვს მინიჭებული.