ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა გამარჯვებამდე ომს არ შეწყვეტს.

"ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს, "ჰამასს" გავანადგურებთ", – განაცხადა მან.

14 იანვარს 100 დღე გავიდა ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყებიდან.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა 23 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ომს მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, პალესტინელთა ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც"ჰამასმა" 7 ოქტომბერს უპრეცედენტო შეტევა განახორციელა ისრაელზე, რასაც, AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავებული მონაცემით, ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. 250-მდე ადამიანი "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.