სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ("როსსტატი") საიტი კვირას, 1 ნოემბრის ღამეს გატეხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა - "კიბერპარტიზანებმა" და Silent Crow-მ აიღეს. ჰაკერების გზავნილები, მათ შორის ბელორუსულ ენაზე შესრულებული წარწერა "პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა", დატოვებული იყო როგორც "როსსტატის" რეგიონული სამმართველოების გვერდებზე, ასევე ფედერალურ განყოფილებაში.
თავდასხმის შედეგად მოხერხდა უწყების IT-ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილზე, მათ შორის, ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ ქვედანაყოფებზე წვდომის მოპოვება, ამტკიცებენ Silent Crow-ს წარმომადგენლები. მათი თქმით, კონტროლქვეშ აღმოჩნდა 25 000-მდე კომპიუტერი.
გატეხეს, კერძოდ, "როსსტატის" ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მონაცემთა ბაზები, რომლებიც შეიცავს სტატისტიკურ, ეკონომიკურ, პერსონალურ ინფორმაციას და აღწერის მასალებს, მიუთითეს ჰაკერებმა. Silent Crow-ს განცხადებით, "როსსტატის" ინფრასტრუქტურაში ყოფნის პერიოდში კიბერშეტევის შემსრულებლებმა მოიპოვეს დაახლოებით 23 ტერაბაიტი ინფორმაცია, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ ცნობები.
"როსსტატში" ირწმუნებიან, რომ მონაცემთა ბაზები არ ყოფილა კომპრომეტირებული და კანონით დაცული ინფორმაციის გაჟონვა არ გამოვლენილა.




