ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტორბიორნ იაგლანდს ჯეფრი ეპშტეინთან სავარაუდო კავშირების გამო ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტორბიორნ იაგლანდს "უხეშ კორუფციაში" ადანაშაულებენ. იაგლანდს ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც, ნორვეგიის მოთხოვნით, ევროსაბჭომ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად მას იმუნიტეტი მოუხსნა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, იაგლანდი თავს უდანაშაულოდ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მილიონობით დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი და ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეგმავდა ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის სახლებში, როგორც მარტო, ასევე ოჯახთან ერთად, ვიზიტებს პარიზში, ნიუ იორკსა და პალმ ბიჩზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ ხდებოდა, რაც ეპშტეინი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ დანაშაულებში გაასამართლეს.

მედიის ინფორმაციით, ნორვეგიის დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფმა "ოკოკრიმმა" ტორბიორნ იაგლანდის სამ სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარა, მოსალოდნელია მისი დაკითხვა. გავრცელებული ცნობით, იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, 2009-2019 წლებში, სავარაუდოდ, იღებდა საეჭვო საჩუქრებსა და სესხებს, სარგებლობდა ანაზღაურებადი მოგზაურობებით.