ბანგლადეშში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ „ეროვნული მოქალაქეთა პარტიის“ აქციაზე არეულობა დაიწყო, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა სამხრეთით, ქალაქ გოპალგანჯში მოხდა. მომხდარს გამოეხმაურა დროებითი მთავრობის მეთაური, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი.
იუნუსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობიანი აქციის დროს თავს დაესხნენ „ეროვნული მოქალაქეთა პარტიის“ წევრებს, პოლიციას და მედიას, დაზიანდა მანქანები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ცალკეულ პირებს.
„ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის რევოლუციური მოძრაობის ერთი წლისთავის აღსანიშნავად მშვიდობიანი აქციის ჩატარების აკრძალვა მათი ფუნდამენტური უფლებების სამარცხვინო დარღვევაა“, – დაწერა იუნუსმა და მომხდარ ძალადობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პარტია და მისი სტუდენტური ჯგუფი დაადანაშაულა.
ხელისუფლებამ დაპირისპირების გამო კომენდანტის საათი დააწესა.
ქვეყანაში არეულობა გასულ წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის წევრებმა ხელისუფლებას პარლამენტის დაშლის მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს.
სტუდენტური პროტესტის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა და ინდოეთში გაიქცა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ მთავრობამ დაპირებული რეფორმები არ გაატარა, რამაც მზარდი პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია.