ამის შესახებ დანიის საზოგადოებრივი რადიო DR საინფორმაციო სააგენტო Ritzau-ზე დაყრდნობით იუწყება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად გაიზარდა ბალტიის ზღვაში გაზსადენის აფეთქების შემდეგ. სამშაბათს დილით ერთი კუბური მეტრი გაზი ბირჟაზე 15 დანიური კრონა ღირდა, ოთხშაბათს დილით კი ფასი 18 კრონამდე (2,42 ევრო ანუ 6,62 ლარი) გაიზარდა.

გაზის გაჟონვამ ბაზარი ანერვიულა. შედეგად, გაზის ფასი გაიზარდა 5-10 პროცენტით, განუცხადა Ritzau-ს Green Power Denmark-ის ანალიტიკოსმა კრისტიან რუნე პოულსენმა და დასძინა, რომ კომპანია „გაზპრომის" მუქარა უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, ფასს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ბალტიის ზღვაში 70-90 მ სიღრმეში გაყვანილი გაზსადენის ბალტიის ზღვის შვედეთის და დანიის ეკონომიკურ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ადგილას აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესახებ ექსპერტები დასკვნებს ვერ აკეთებენ.

შვედეთის ეროვნულმა სეისმოლოგიურმა ცენტრმა ორშაბათს ბალტიის ზღვაში ორი აფეთქება დააფიქსირა. მათგან მეორის სიმძლავრე 100 კგ-ზე მეტი დინამიტის ეკვივალენტი იყო. დანიის და გრენლანდიის გეოლოგიური ინსტიტუტის თქმით, დაკვირვება ცხადყოფდა, რომ მიწისძვრა კი არა, ზღვის ფსკერზე აფეთქება მოხდა.

მილებიდან აირის გაჟონვის შედეგად, მაქსიმალური გაჟონვის შესაბამის ზღვის ზედაპირზე წყლის დონე ბალტიის ზღვის დონეზე 10 მეტრის უფრო მაღლაა. ბუნებრივი აირის აფეთქების საშიშროების გამო, გაჟონვის ადგილთან როგორც ზღვიდან, ისე ჰაერიდან იკრძალება მიახლოება.


გაზსადენში არსებული გაზის მოცულობიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ აფეთქების ადგილის დათვალიერება და შესწავლა 10-14 დღის განმავლობაში არ მოხერხდება. ფინური პრესის ინფორმაციით, რუსეთმა განაცხადა, რომ მას შეუძლია დაზიანებული გაზსადენის შეკეთება და გაჟონვის შეჩერება, მაგრამ ამას ვერ შეძლებს გარკვეული სანქციების მოხსნის გარეშე.

ენერგეტიკული საკითხების სპეციალისტი, პროფესორი პეტერ ლუნდი რადიო Suomen Päivä-ს მსმენელებს შეახსენებს მილსადენის მშენებლობის საწყის ეტაპზე რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მილსადენზე ტერორისტული თავდასხმა განხილული იქნება, როგორც თავდასხმა რუსეთზე და რუსეთის ფლოტს ექნება უფლება ჩაერიოს სიტუაციაში.

ლუნდის თქმით, აფეთქება შეიძლება იყოს რუსეთის მიერ დაგეგმილი ინსცენირების ნაწილი და იგი შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა, როგორც საბაბი უცხო ტერიტორიულ წყლებში, შესაძლოა, ეკონომიკურ წყლებშიც შესვლისთვის და ამის წყალობით, ბალტიის ზღვაში საზღვაო მოძრაობის მონიტორინგისთვის, ამჟამად არსებულთან შედარებით უფრო მოგებიან სტრატეგიულ პოზიციაში ყოფნისთვის.

ფინეთის თავდაცვის მინისტრი კაიკონენი აცხადებს, რომ გაზის მილები თავისით არ ფეთქდება, თუმცა არ ამბობს, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე.

ნატოს ჰიბრიდული ომის შემსწავლელი სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე არნოლდ დიუპიუი შვედეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან აცხადებს, რომ აფეთქების უკან შეიძლება იდგნენ ფრონტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანების ჯგუფები. ეს შეიძლება კრემლის მოწინააღმდეგეებს, უკრაინიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან, გაეკეთებინათ, მაგრამ აგრეთვე შეიძლება იყო იმ ადამიანთა ნამოქმედარი, რომლების კრემლის მხარეს არიან და ფიქრობენ, რომ ეს არის საუკეთესო საშუალება ევროპაში რუსული გაზის მისაწოდებლად.

ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენის აფეთქებაში ამერიკის ხელს ხედავს კრემლი.

„7 თებერვალს ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი დასრულდება, თუ რუსული ტანკები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს", ახლა მან უნდა თქვას, შეასრულა თუ არა დანაპირები. „ევროპას აქვს უფლება იცოდეს, ვინ დგას თავდასხმების უკან“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.