აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადვოკატის თქმით, 20 იანვარს ბაიდენის დელავერის სახლში იუსტიციის დეპარტამენტმა საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია აღმოაჩინა. ადვოკატის განცხადებით, პრეზიდენტის სახლში 13-საათიანი ჩხრეკის შემდეგ კიდევ ექვსი საიდუმლო დოკუმენტი იპოვეს.

ზოგიერთი დოკუმენტი იმ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც ბაიდენი სენატორი იყო, ხოლო სხვები მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელია. ადვოკატის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია აშშ-ის პრეზიდენტის ხელნაწერი შენიშვნები და თანამდევი მასალა.

ჯამში ნაპოვნია ოცამდე საიდუმლო დოკუმენტი. მათი ნაწილი "პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში" აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი ბაიდენის დელავერის სახლში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება. საქმეზე დანიშნულია სპეციალური პროკურორი, რომელიც ინციდენტს დეტალურად შეისწავლის და დაადგენს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესები.