აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეჯამების დროს გაიხსენა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვმა ვერ მიაღწია თავის „სტრატეგიულ მიზნებს“.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაციის პირობებში დასუსტდნენ ამერიკის მტრები, მათ შორის, რუსეთი,
"როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას ეგონა, რომ რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს. სინამდვილეში, ომის დაწყების შემდეგ, მე ვიდექი კიევის ცენტრში და არა ის. პუტინმა ეს ვერ შეძლო.
ეს იყო ხანგრძლივი მგზავრობა მატარებლით, მაგრამ მე ვარ ერთადერთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ეწვია საბრძოლო ზონას, რომელსაც არ აკონტროლებენ აშშ-ის ჯარები", - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები დაეხმარა უკრაინას პუტინის შეჩერებაში და თითქმის სამი წლის განმავლობაში მან „ვერ მიაღწია ვერანაირ სტრატეგიულ მიზანს“.
მან ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა, ნატოს ერთიანობის დარღვევა, მნიშვნელოვანი ტერიტორია არ აქვს დაკავებული. ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად 50 ქვეყანა გავაერთიანეთ არა მხოლოდ ევროპის, არამედ აზიის, გავუწიეთ უზარმაზარი სამხედრო დახმარება, დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები, რათა უკრაინას ბრძოლის გაგრძელების საშუალება ჰქონოდა და ახლა რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა შეავსოს ის დანაკარგი, რაც მან განიცადა ბრძოლის ველზე როგორც სამხედრო აღჭურვილობის, ისე მებრძოლების მხრივ, ხოლო რუბლი უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა, - განაცხადა ბაიდენმა.
როდესაც პუტინმა ომი დაიწყო, ჩვენ წინაშე ორი ამოცანა დადგა: დაგვერაზმა მსოფლიო უკრაინის დასაცავად და თავიდან აგვერიდებინა ომი ორი ბირთვულ სახელმწიფოს შორის. ჩვენ შევძელით ერთიც და მეორეც. უკრაინა კვლავ რჩება თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნად, რომელსაც აქვს პოტენციალი, პოტენციალი ნათელი მომავლისთვის და ჩვენ მოვუმზადეთ საფუძველი მომავალ ადმინისტრაციას, რათა მან შეძლოს უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დაცვა, - თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.