აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 60 Minutes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნებოდა

ჯო ბაიდენის თქმით, ესკალაცია ღაზას სექტორში „ჰამასს" უკავშირდება და იგი უნდა განადგურდეს. ამასთან, ის თვლის, რომ „ჰამასი" არ წარმოადგენს ყველა პალესტინელს და შეცდომა იქნება ისრაელის მიერ ღაზას ხელახალი ოკუპაცია. 

ჩრდილოეთით „ჰეზბოლას" და სამხრეთი „ჰამასის" განადგურება „აუცილებელი მოთხოვნაა", ვთვლი, რომ „ჰამასი" სრულად უნდა განადგურდეს, -  განაცხადა ბაიდენმა და დაამატა: „საჭიროა იყოს პალესტინის ხელისუფლება. უნდა არსებობდეს გზა პალესტინის სახელმწიფომდე".

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ ისრაელი „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ შეეცდება ორი სახელმწიფოს არსებობის პრობლემის გადაჭრას და გააგრძელებს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას, ბაიდენმა უპასუხა: 

„ახლა არა. ახლა არა, მაგრამ, ვფიქრობ, ისრაელს ესმის, რომ პალესტინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს „ჰამასის" და „ჰეზბოლას" შეხედულებებს".

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს ეგვიპტესთან ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად „ამ ბავშვებისა და ქალების გასაყვანად“ ღაზიდან, რადგან ისრაელი, როგორც ჩანს, მზად არის სახმელეთო ოპერაციისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ღაზის უდანაშაულო მოსახლეობას შეეძლება ჰქონდეს წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე“, დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელი დაიცავს ომის „წესებს“, - განუცხადა მან CBS-ის 60 Minutes-ს. 

„ისრაელს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საბრძოლო ძალა რეგიონში“ და „მე გარანტიას ვაძლევ, რომ ჩვენ მათ მივაწვდით ყველაფერს, რაც სჭირდებათ”, - უპასუხა მან, როდესაც ჰკითხეს, ხომ არაა მოსალოდნელი აშშ-ის ჯარების ჩარევა.  

კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შესთავაზოს ორივეს, ისრაელსაც და უკრაინასაც, ბაიდენი განაცხადა, რომ ეს არაა პრობლემა. 

„ღვთის გულისთვის, ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო... ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ორივეზე", - თქვა ბაიდენმა.