აზერბაიჯანული თხილის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის პირველი ოფიციალური რეგისტრაცია მიღწეულია, - იუწყება აზერბაიჯანული მედია.
აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს AQTA) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოების გენერალურ ადმინისტრაციას შორის თხილისა და ნუშის ექსპორტის შესახებ ოქმის პროექტის ხელმოწერის შემდეგ, ჩინური მხარის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად შესაბამისი ზომები იქნა მიღებული.
ჩინური მხარის მიერ მოწოდებული საკონტროლო სიის საფუძველზე, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტომ თხილის წარმოებისა და გადამუშავების ობიექტში შესაბამისი შემოწმება ჩაატარა. შემოწმების შედეგების შეფასების შემდეგ, სააგენტომ რეკომენდაციის წერილი მოამზადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოების გენერალურ ადმინისტრაციას გაეგზავნა. ამ ზომების შედეგად, აზერბაიჯანში თხილის მწარმოებელი და გადამმუშავებელი კომპანია AGRARCO LLC-ის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გარჩეული თხილის (თხილის გულის) ექსპორტის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის გენერალური ადმინისტრაციის ჩინეთის საკვები პროდუქტების იმპორტის საწარმოების რეგისტრაციის სისტემაში.
ამგვარად, AGRARCO LLC გახდა პირველი აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა ჩინეთის საკვები პროდუქტების იმპორტის საწარმოების რეგისტრაციის სისტემაში გარჩეული თხილის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტისთვის. ეს მიღწევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია აზერბაიჯანული თხილის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოების, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდისა და აზერბაიჯანიდან თხილის ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.
ცნობისთვის, ჩინეთში თხილის გულის საშუალო საიმპორტო/საბითუმო ფასი ნაკლებია, ვიდრე ევროპულ ბაზარზე, მაგრამ აზერბაიჯანის მიერ ჩინეთის ბაზარზე შესვლის უფლების (ოფიციალური ფიტოსანიტარიული პროტოკოლის) მოპოვება სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით უდიდესი მიღწევაა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:
1. ექსპორტის დივერსიფიკაცია და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება
აზერბაიჯანული თხილის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ტრადიციულად რუსეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაზე (იტალია, გერმანია) მოდის. მხოლოდ ერთ ან ორ მსხვილ ბაზარზე დამოკიდებულება ზრდის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს. ჩინეთი წარმოადგენს მყარ ალტერნატივას.
2. ჩინეთის ბაზრის კოლოსალური მასშტაბი და მზარდი მოთხოვნა
ჩინეთი მსოფლიოში თხილის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იმპორტიორია (იმპორტის მოცულობა ბოლო წლებში 32.2%-ით გაიზარდა). მის საკონდიტრო ინდუსტრიის პროდუქტის მოხმარების მკვეთრი ზრდა ნედლეულზე გრძელვადიან და სტაბილურ მოთხოვნას აჩენს.
3. ფასების დიფერენციაცია და პრემიუმ სეგმენტი
გარჩეული და მოხალული აზერბაიჯანული თხილის გულისთვის ჩინელი მსხვილი საკონდიტრო მწარმოებლები მზად არიან გადაიხადონ პრემიუმ ფასი.
4. ჭარბი მოსავლის დაბინავება
აზერბაიჯანი თხილის წარმოებით მსოფლიოში მე-4, ხოლო ექსპორტით მე-5 ადგილზეა. როდესაც ევროპაში ან თურქეთში (მსოფლიო ლიდერი) ჭარბი მოსავალია, ევროპული ფასები მკვეთრად ეცემა. ასეთ დროს ჩინეთის ბაზარი უსაფრთხოების ბალიშია ჭარბი პროდუქციის რეალიზაციისთვის.
5. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ლოგისტიკური უპირატესობა
აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ (Belt and Road) ინიციატივას. განვითარებული სატრანსპორტო დერეფნები (მაგ. ტრანსკასპიური მარშრუტი) ჩინეთში ტვირთის გადაზიდვას იაფს, სწრაფს და ლოგისტიკურად მოგებიანს ხდის.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




