Axios-ის ცნობით, ირანში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანიდან დევნილ ტახტის მემკვიდრეს, რეზა ფეჰლევის ფარულად შეხვდა.

გამოცემა წერს, რომ ეს იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრაა, რაც პროტესტის დაწყების შემდეგ ირანის ოპოზიციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის გაიმართა. ფეჰლევი აქტიურად ცდილობს თავი შესაძლო "ტრანზიციულ ლიდერად" წარმოაჩინოს, იმ შემთხვევაში, თუ ირანში არსებული რეჟიმი დაემხობა.

Axios-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ტრამპის ადმინისტრაცია ფეჰლევის სერიოზულ პოლიტიკურ აქტორად არ მიიჩნევდა, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა, ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო, როდესაც დემონსტრაციებზე რეზა ფეჰლევის სახელის სკანდირება დაიწყეს. 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ფეჰლევის მიმართ მხარდაჭერა ერთგვაროვანი არ არის, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რეჟიმის შესაძლო კოლაფსის შემთხვევაში, ირანელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მზად იყოს, იგი დროებით ლიდერად მიიღოს.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.