ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში (Braunau am Inn) მდებარე სახლში, სადაც 1889 წელს ნაცისტური გერმანიის დიქტატორი, ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება და ადამიანის უფლებათა დაცვის ტრენინგცენტრი განთავსდა. რეკონსტრუქციისა და შენობის ახალი ფუნქციით დატვირთვის მთავარი მიზანი მისი ნაციზმის სიმბოლოდ და ულტრამემარჯვენეების "მომლოცველობის" ადგილად გადაქცევის პრევენციაა.

შენობაში განთავსდა ადგილობრივი პოლიციის შტაბ-ბინა. ამასთან ერთად, სივრცე დაეთმობა პოლიციის აკადემიის ფილიალს, რომელიც სამართალდამცველებს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართულებით გადაამზადებს.

ავსტრიის მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობდა შენობის ბედის გარკვევას. 2016 წელს სახელმწიფომ მოახდინა სახლის ექსპროპრიაცია ყოფილი მფლობელისგან, რათა მასზე სრული კონტროლი დაემყარებინა და თავიდან აეცილებინა მისი არამიზნობრივად გამოყენება.

შენობას ჩაუტარდა სერიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოები. არქიტექტორების მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალურად შეეცვალათ მისი ისტორიული ფასადი და წაეშალათ ყველა ის დეტალი, რაც მას თავდაპირველ იერსახესთან აკავშირებდა.

"ამ შენობაში პოლიციის განყოფილებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ტრენინგცენტრის გახსნა არის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ეს ადგილი აღარასოდეს დაუკავშირდება ნაციზმის ხსოვნასა და დიქტატურას. პოლიცია არის დემოკრატიული თავისუფლების დამცველი", — აცხადებენ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროში.