გერმანული კომპანია Audi, რომელიც კონცერნ Volkswagen AG-ში შედის, აშშ-ის ჯორჯიის შტატში საკუთარი ქარხნის აშენებას გეგმავს, სადაც ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქალაქ პერიში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ქარხანა ყოველწლიურად 200 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს.
Audi-ს ხელმძღვანელმა გერნოტ დიოლნერმა, რომელიც ტრამპთან ერთად გამოვიდა სიტყვით, აღნიშნა, რომ კომპანია ქალაქ მეიკონში თავისი ყველაზე დიდი და პრემიუმ კლასის ყველგანმავალების წარმოების დაწყებას აპირებს.
კომპანიის მონაცემებით, მშენებლობის დაწყება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო წარმოება 2030-იანი წლების დასაწყისში უნდა ამოქმედდეს. მოსალოდნელია, რომ ახალი ქარხანა 4 500-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ საწარმოში Audi Q7, Q8 და Q9 მოდელებს ააწყობენ. ამასთან, Audi მეზობელ სამხრეთ კაროლინას შტატში ყოველწლიურად 25 000 ავტომობილის წარმოებასაც გეგმავს.
აქამდე, კომპანია Audi ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ ყველა ავტომობილს ევროპიდან ან მექსიკიდან აიმპორტებდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები ავტომწარმოებელს 2025 წელს 1,2 მილიარდი ევრო დაუჯდა. Reuters-ის ცნობით, 2026 წელს კი აშშ-ში Audi-ს გაყიდვები 16%-ით შემცირდა.
დონალდ ტრამპი უცხოური კომპანიებისგან წარმოების აშშ-ში გადატანას მოითხოვს და მათ მაღალი საბაჟო ტარიფებით ემუქრება. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში კი, იგი კომპანიებს აშშ-ში საქონლის იმპორტზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას ჰპირდება.
2026 წლის სექტემბერში Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭომ ხარჯების შემცირების პროგრამა დაამტკიცა. გეგმის ფარგლებში, ავტოკონცერნი, უახლოეს წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამატებით 50 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს.
ამავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა Volkswagen-ის ოთხი ქარხნის მომავალი ემდენში, ცვიკაუში, ჰანოვერსა და ნეკარზულმში.




