აშშ-ს მიჩიგანის შტატის სკოლაში 15 წლის მოზარდის მიერ იარაღით ოთხი სტუდენტის მოკვლის საქმეში მსროლელის დედ-მამას 10 და 15 წლით პატიმრობა მას შემდეგ მიესაჯა, რაც ნაფიც მსაჯულებმა სკოლაზე მოწყობილ თავდასხმაში მშობლების პასუხისმგებლობაც დაადგინეს. შედეგად, ისინი პირველი მშობლები არიან, რომლებსაც საკუთარი შვილის მიერ სკოლაში მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს და შემდგომ დამნაშავედ ცნეს.
შტატის ოლქის მოსამართლემ შერილ მეთიუსმა ჯეიმს და ჯენიფერ კრამბლის მიმართა, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება "არა ცუდი აღზრდის შესახებ", არამედ მათ მიერ გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფის შესახებ იყო, რომელთა დანახვასაც ნებისმიერი "გონიერი ადამიანი" შეძლებდა.
2021 წლის 30 ნოემბერს 15 წლის თავდამსხმელმა ეთან კრამბლიმ ოქსფორდის საშუალო სკოლაში ცეცხლი გახსნა. მან 30-ზე მეტი ტყვიის გასროლა მოასწრო, 4 მოსწავლე მოკლა, ხოლო კიდევ 6 მოზარდი და 1 მასწავლებელი დაჭრა.
1-ელ დეკემბერს ეთან კრამბლის ბრალი მკვლელობის, თავდასხმის, იარაღის ტარებისა და ტერორიზმის მუხლებით წარედგინა. თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ეთანის მშობლებიც დააკავა, რომლებსაც 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ისინი 3 დეკემბერს, დეტროიტში მდებარე საწყობში იპოვეს და წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ეთან კრამბლი თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდა, თუმცა, 2022 წლის 24 ოქტომბერს მან ტერორიზმის ბრალდების ერთ მუხლზე, პირველი ხარისხის მკვლელობის 4 მუხლსა და კიდევ 19 ბრალზე თავი დამნაშავედ ცნო.
ეთანის დედის, ჯენიფერ კრამბლის სასამართლო პროცესი 2024 წლის 25 იანვარს დაიწყო. მის საქმეს ნაფიც მსაჯულთა 6 ქალისა და 6 კაცისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა.
პროცესზე პროკურორები მსროლელის დედისთვის ცდილობდნენ უჩვეულო ბრალის დამტკიცებას, რომ სტუდენტების სიკვდილზე ისიც პასუხისმგებელია. კერძოდ, პროკურორები თავდამსხმელის მშობელს ადანაშაულებდნენ რისკების უგულებელყოფაში და სროლამდე ოთხი დღით ადრე შვილისთვის იარაღის ყიდვაში მაშინ, როდესაც ეთანი ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა და ძალადობისკენ იყო მიდრეკილი. ამასთან, პროკურორები მშობლის ბრალეულობას ხედავდნენ იმაშიც, რომ ფატალურ სროლამდე რამდენიმე საათით ადრე, სკოლის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ეთანის შემაშფოთებელი ნახატების შესახებ საუბრისას, იარაღი არ უხსენებია. მსროლელის მამის, ჯეიმს კრამბლის საქმის პროცესი ამავე ბრალდებით სასამართლოს წინაშე მარტში შედგა.
თავის მხრივ, მშობლების დაცვის მხარის ერთ-ერთ არგუმენტს ის წარმოადგენდა, რომ დედ-მამისთვის შეუძლებელი იყო, მათი შვილის მიერ მასობრივი სროლის მოწყობა წინასწარ დაენახათ. თუმცა, ნაფიც მსაჯულებმა ორივე მშობლის შემთხვევაში პროკურატურის მხარის მოთხოვნები დააკმაყოფილეს.