აშშ-ს სენატმა დაამტკიცა კომპრომისული შეთანხმება, რომელიც, საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აშშ-ს ისტორიაში ფედერალური მთავრობის ე.წ. შათდაუნის ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს დაასრულებს.
მთავრობის დახურვის გამო ბოლო კვირების განმავლობაში ხელფასებს ვერ იღებდნენ ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულები, გადადებული იყო სახელმწიფო სასურსათო დახმარების პროგრამები და გართულებული იყო ქვეყნის შიგნით საჰაერო მიმოსვლა.
კანონპროექტს, რომელიც სენატმა ხმების 60-40-ზე გადანაწილებით მიიღო, მხარი პალატის თითქმის ყველა რესპუბლიკელთან ერთად რვა დემოკრატმაც დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმაც.
ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად ახლა იგივე ნაბიჯი რესპუბლიკელთა კონტროლქვეშ არსებულმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამაც უნდა გადადგას და საბოლოოდ შეთანხმებას ხელი აშშ-ს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს.
შეთანხმების მიღების შედეგად კი სამთავრობო პროგრამების დაფინანსება დროებით იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. თავის მხრივ, რესპუბლიკელებთან გარიგების ფარგლებში დემოკრატებმა ჯანდაცვის დაზღვევაში სუბსიდიების გახანგრძლივების შესახებ კენჭისყრის გამართვაზე პირობა მიიღეს.
ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სენატი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყდა იმ უწყებებსა და პროგრამებს, რომელთა ბიუჯეტიც კონგრესს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.




