ხომ დაგპირდით, რომ არგუმენტი არ მექნებოდა? ასე მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გორდეზიანმა საქართველოს პრემიერს გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
გორდეზიანის განცხადებით, ხელისუფლება საკუთარ თავს აიგივებს ქვეყანასთან და განათლების რეფორმაც ამ მიდგომიდან გამომდინარეობს.
“ამ კონცეფციის და ზოგადად დღევანდელი პოლიტიკის ავტორებისთვის ხელისუფალი გაიგივებულია ქვეყანასთან, მისი ახირება გაიგივებულია სახელმწიფო ინტერესთან. ამ მიდგომიდან გამომდინარე არის ეს რეფორმაც წარმოდგენილი, ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რაც ტარდება. ეს არის უბედურება. ჩვენ განათლებას ვუყურებთ როგორც ახალგაზრდისთვის საშუალებას, რომ მან მიიღოს კარგი ცოდნა, ის დადგეს მოქალაქედ, ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება, როდესაც არის კითხვა სად, რა თქმა უნდა პირველ რიგში თავის სამშობლოში, მაგრამ პრინციპში ესეც არის მისი ასარჩევი. კონცეფცია გვთავაზობს იმას, რომ ეს არის მათი აქტივი და უნდა გამოიყენონ ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. როცა ეს დამოკიდებულებაა, ვიღებთ ამ შედეგს. ჩემს თვალში ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება იქნება თუ ფაკულტეტების ასე ჭრა-კერვა, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი აზროვნების პროდუქტია. რაც შეეხება ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპს, მე მაინტერესებს საიდან მოვიდა ეს, ხილვა გქონდათ? დავალება? საიდან გაჩნდა საერთოდ?”, - განაცხადა გორდეზიანმა.




