აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების ბომბების პოტენციურ მიყიდვაზე ნებართვა გასცა.

აშშ-მა გაზრდილი დისტანციის მართვადი საავიაციო ბომბებისა და დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის ნებართვა გასცა. პაკეტის ღირებულება დაახლოებით $373.6 მილიონს შეადგენს.

სახდეპის ცნობით, უკრაინის მთავრობამ 1 200 ცალი KMU-572 ტიპის მართვადი საავიაციო ბომბის (JDAM) კომპლექტისა და 332 ცალი KMU-556 ტიპის JDAM-ის შესყიდვა მოითხოვა. 

ამასთან, პაკეტი მოიცავს FMU-139 ტიპის ამფეთქებლებს, JDAM-ის მხარდასაჭერ აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს, ტექნიკურ დოკუმენტაციას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და აშშ-ს მთავრობისა და მისი კონტრაქტორების საინჟინრო, ტექნიკურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერასა. 

"შეთავაზებული მიყიდვა დაეხმარება აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს ისეთი პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის ხელშემწყობი ძალაა". - წერია განკარგულებაში.