ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. პაკეტში შემავალი შეიარაღების სრული სია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

დახმარება უზრუნველყოფილია არა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან, არამედ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ შეიარაღებას თავდაცვის ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან ყიდულობს.

"USAI-ს ეს პაკეტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მუდმივ ვალდებულებას, დააკმაყოფილოს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები კრიტიკული მოკლევადიანი შესაძლებლობების განთავსებით, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალა. ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მისი ტერიტორიის დასაცავად და რუსეთის აგრესიის ხანგრძლივად შეკავების მიზნით. ეს მოიცავს დამატებით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების გამოყენებას და ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ უკეთ შეინარჩუნოს თავისი სისტემები და აღჭურვილობა." - აცხადებს პენტაგონი.

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის:

საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები და საბრძოლო მასალა;

აღჭურვილობა დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტები და რადარები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის;

საბრძოლო მასალა უპილოტო საფრენ აპარატებთან დასაპირისპირებლად;

155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა;სატელიტური გამოსახულების კომერციული მომსახურება;

წვრთნა, ტექნიკური და დამხმარე აქტივობები.

"აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებები", - თქვა პენტაგონმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ 9 მაისის მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინას 37.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გადასცა, მათ შორის 36.9 მილიარდ დოლარზე მეტი რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ.