აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა, კერძოდ კი დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელი დაასანქცირა.

დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქსელი მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანულ ნავთობს კოლექტიურად გადაჰქონდა და ყიდდა, ხოლო შემოსავლის ნაწილი კი ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ყუდსის ძალების (IRGC-QF), რომელსაც აშშ-ში უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს, გაძლიერებას ხმარდებოდა.

დასანქცირებული კომპანიების ქსელს ერაყელი ბიზნესმენი, სალიმ აჰმედ საიდი ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის მიხედვით, ეს კომპანიები ირანული ნავთობის კონტრაბანდით გამდიდრდნენ, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ერაყულ ნავთობად საღდებოდა.

ამას საიდის კომპანიები ირანული ნავთობის ერაყულ ნავთობთან შერევით ან გაყალბებული საექსპორტო ბიულეტენებით ახერხებდნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქსელი სულ მცირე 2020-დან მოქმედებდა და საიდს ერაყელი მაღალჩინოსნებისთვის მილიონობით დოლარის ქრთამი ჰქონდა გადახდილი.

საიდის და მისი კომპანიებთან ერთად, ირანული ნავთობის ფარულად გადაზიდვაში მონაწილე რამდენიმე გემი, ფიზიკური და იურიდიული პირებიც დასანქცირდნენ.